კაცმა რომ თქვას, უცნაური წინასაარჩევნო პერიოდია. ცოტა ხნის წინ, თბილისიდან გავედი და დასავლეთ საქართველოს ყველა დიდი ქალაქი შემოვიარე. ქუჩებში არსად ჩანს ბოლო 30 წელში დანერგილი დაძაბულობის პრაქტიკები, სდუმან ქუჩის აგიტატორები, კედლებისათვის ომი თითქოს კედლების ზავმა ჩაანაცვლა, მედიაში და პოლიტიკურ სცენაზე ძველებური ბლოგბასტერების საუკეთესო ვერსიებში გადაწყვეტილმა დაპირისპირებებმა, მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკოსები საზოგადოებასთან შეხვედრებისას ხან შალახოს ცეკვავენ, ხან ეგზისტენციალური ბრძოლისთვის დარაზმულ ამომრჩევლებს უეცრად ბოდიშის მოხდას სთავაზობენ და ხანაც სანაპიროს თევზის რიტუალური გარჩევის ტუტორიალებით არიან დაკავებულები. მიუხედავად ამისა, თბილისშიც, ისევე როგორც, ქუთაისში და სამეგრელოს ქალაქებში დენთის სუნი მაინც ტრიალებს. თითქოს ისეთი განცდა რჩება, რომ ყველა საკუთარ სანგარშია მობილიზებული და არჩევნების საათი თორმეტს რომ ჩამოკრავს ცეკვები, ბოდიშები და თევზის გარჩევის ტუტორიალი “რიბაკი ბიჭებისთვის” სცენას ქუჩის აქციებსა და პოლარიზებული საზოგადოების პარტიულ დაპირისპირებას დაუთმობს. თუმცა, არსებობს მეორე ვარიანტი, მკვდრეთით აღმდგარი ქართული ფეხბურთის მსგავსად შესაძლოა ქართული დემოკრატიაც შედგა, არჩევნების ისტერიული ფაზები გადავლახეთ და ის პერიოდი, როცა ყველა პარტია გამარჯვებული იყო და სამთავრობო ძალაც კი ოპონენტებს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა სამუდამოდ ისტორიის ნაგავსაყრელზე მოვისროლეთ. ვინ იცის?!
ეს წერილი ქართული ქოუჩინგის სახელმძღვანელო მაგალითად ვერ გამოდგება, ამიტომ ყველაფერში პოზიტივის დანახვა ვისაც გსურთ ჯობია კითხვა აქ შეწყვიტოთ და ადგილი იმ სკეპტიკოსებს დაგვითმოთ, ვისაც კრიზისზე თვალის დახუჭვა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ვეძებოთ ის შანსები, რომელთა დაგმანული დარაბებიც სწორედ რომ კრიზისული პერიოდების დროს რომელიმე ბნელ წერტილში იხსნება.
ამ ქვეყნის უახლესი ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ციკლური სოციალური და პოლიტიკური კრიზისების უწყვეტი ჯაჭვი. ამ მოჯადოებულ წრეზე მოსახლეობას არჩევანის გაკეთება უწევდა არა იმ ნიშნით, რომელი პოლიტიკური ძალა შექმნიდა პროგრესულ საზოგადოებრივ წესრიგს, უკეთეს ეკონომიკას, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას დანგრეული ქვეყანა ისევ თანამედროვე ცივილიზაციის ნაწილად ექცია, არამედ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა ჩამორთმეოდა ძალაუფლება რომ უბრალოდ არსებობა გაგვეგრძელებინა. ეს ტენდენცია სამწუხაროდ, ზუსტად ისევე გრძელდება, როგორც ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა უკრაინასთან და ირლანდიასთან ურთიერთშეხვედრებში. მიმდინარე მოვლენებში ერთ-ერთი გაბატონებული დისკურსის თანახმად, ერთპარტიულ მმართველობაზე უარის თქმა და კოალიციური მთავრობის შექმნა გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქართულ დემოკრატიას. მაგრამ, იმ პოლიტიკური პარტიების პროგრამები თუ გინახავთ, ვინც ხელისუფლების შენარჩუნებაზე ან ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე აცხადებს პრეტენზიას? ვთქვათ, დავიცავით და გადავარჩინეთ ევროპული მომავალი(რაც რეალურად ქართული საზოგადოებისთვის მართლა ეგზისტენციალური მნიშვნელობის არის), ღირსების ან თავისუფლების ლოზუნგით, ეს საკმარისია?! ჩემი კითხვა მიემართება იმ ადამიანებს რომლებიც სურვილის ან გამოუვალი სიტუაციის გამო სამთავრობო, ან ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში მოიაზრებიან. 26 ოქტომბრის დილაა და სახლიდან საარჩევნო უბნამდე გზაში სიამაყით სავსე მზერით მიაბიჯებ, მთელი წელია პოლიტიკური ელიტა გაჯერებს, რომ ქვეყნისთვის გარდამტეხ პროცესში ბოლო სიტყვას შენ ამბობ, ფაქტობრივად იაფფასიანი ჰოლივუდური დრამის მთავარი პერსონაჟი ხარ, რაღაც დიდის შეუცვლელი ნაწილი. სინამდვილეში კი, ბიულეტინს უყურებ, როგორც ქელეხის სიას, ამათ თევზი კაი აქვთ, სოკო არ უვარგათ, ვიღაცა ბანკირმა იყიდა, ვიღაცამ ქვეყნის მომავალი სასწორზე ჰექტრობით გაფორმებული ტყეების გამო შეაგდო. უყურებ და უკანასკნელ 30 წელს იხსენებ, ამ მოკლე დროში რამდენიმე ომი, რევოლუციები, 7 ნოემბრები ციხის კადრები და 1 ოქტომბერი გავიარეთ. უკანასკნელ 12 წელზეც ფიქრობ, მშვიდობიანობის პერიოდზე, როგორც ბიძინას უანგარო საჩუქარზე, რომელიც სინამდვილეში წყევლად იქცა. ახალგაზრდებისგან დაცლილი ქვეყანა, მეტადონის პროგრამის არმიები, არაჯანსაღი და დამაზიანებელი სამუშაოები დარჩენილი ახალგაზრდებისთვის. ხარება და „ჯორჯიან მანგანეზი“, სათამაშო ბიზნესი, საყდრისი, მოკლული ახალგაზრდები და სამშენებლო ინდუსტრიას შეწირული მუშები და კიდევ მრავალი საკითხი ამ უანგარო საჩუქრის ბენეფიტებში.
დგახარ საარჩევნო ყუთთან და წამით გეფიქრება, ქართული დემოკრატია უნდა გადაარჩინო, ღირსება გაქ დასაცავი, ან ევროპული მომავალი, ან ორივე ერთად. მაგრამ ვინ უნდა გააფერადო? ვინ მოაგვარებს მეტადონის პროგრამის საცობებს ქალაქში? ვინ დაიწყებს ამ ხალხის რეალურად მკურნალობაზე ფიქრს? ვინ დაუბრუნებს დედებს ემიგრაციაში გახიზნულ შვილებს? ანაც პირიქით, აქ და(ჩა)რჩენილ ახალგაზრდებს ვინ შეუქმნის ისეთ სამუშაო ადგილებს, რომ წლობით უნახავი მშობლები დაუბრუნონ სამშობლოს? ვინ დაუპირისპირდება მსხვილი კაპიტალის ინტერესებს, მაშინ როცა შუქრუთი და მთელი ჭიათურა შველას ითხოვს? ხარებას ვინ გაუშვებს დამსახურებულ პრემიაზე? ვინ დაააბრუნებს ტყიბულს ჩრდილების საუფლოდან? ნამოხვანში საფლავების გათხრაზე და მერე ჰესის სხვა ქვეყნისთვის გადაცემაზე ვინ არ მოაწერს ხელს? ამდენი ფიქრით შესაძლოა ტვინი აგიდუღდეს, შუბლზე ცივი ოფლი გასხავს, წამით ხვდები, რომ მითები შენს გმირობაზე არჩევნებიდან ერთ კვირაში გაქრება. როგორც ქოლ ცენტრების საქმეზე მოხდა, ორი მილიარდერი ერთმანეთში დალაგდებიან, როგორმე ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსაც ეშველება, აგერ პრემიერი ამბობს ომის პარტიასთანაც კი შეგვიძლია რომ დავლაგდეთო და პრინციპში შესაძლოა არც ტყუის. მთავარია ვისი ინტერესები გადაეკვეთება ერთმანეთს, ამ ქვეყნის რესურსებს რამდენად და ვის მიჰყიდიან, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრჩებით ღამის კლუბში ფეისკონტროლზე დაუარებული ახალგაზრდასავით, თითქოს ყველაფერი მზად გვქონდა ცეკვისთვის და ზეიმისთვის, თითქოს ბედნიერებასთან სულ ახლოს ვიყავით, მაგრამ სადღაც ვიღაცები დალაგდნენ და უბრალო მოსახლეობა განგსტერული კაპიტალიზმის საუკეთესო ტრადიციებით ისევ გადაგდებული დარჩა.
მეორე მხრივ, თუკი ეს არჩევნები საქართველოში ერთპარტიული მმართველობის 12 წელიწადს დაასრულებს და ძალაუფლების გადანაწილება მოხდება, ეს აუცილებლად გამოიწვევს ვერტიკალური მმართველობის კრიზისს სხვადასხვა სექტორში, რაც ცალსახად გააღებს ფანჯრებს ახალი შესაძლებლობებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიისთვის და განვითარებისთვის მთავარი და ფუნდამენტური ბრძოლები არჩევნების შემდგომ პერიოდში გველოდება, როგორც ქალაქში იტყვიან ხოლმე, ჯერ მხოლოდ ტიტრებია, კინო მერე იქნება.
მინდა ეს წერილი ერთგვარი მოწოდება და შეხსენება იყოს ყველასთვის, ვინც მთელი დეკადის განმავლობაში ტყიბულში გაფიცვებს ამაგრებდა, უნივერსიტეტში უკეთეს განათლებას და თბილისის ქუჩებში სოციალურ სამართლიანობას უკანასკნელი ხმის იოგების ჩაწყვეტამდე ითხოვდა, ვისაც ჯერ კიდევ ურყევად სჯერა, რომ სახალხო ინტერესების პოლიტიკურ დღისწესრიგში გადატანა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც კია ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ვინც არც ქოცს გაურიგდა, არც ნაცს და არც ბანკირს, ვინც ბალდაშია, ან ნამოხვანში, ვინც რაჭის ტყეებს იცავს და ვისაც ჭიათურაზე ფიქრი ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. მოკლედ, მემარცხენე სტუდენტური და სოციალური მოძრაობებისთვის, დამოუკიდებელი პროფკავშირებისთვის, საკუთარი მიწის დასაცავად მობილიზებული ჯგუფებისთვის მომდევნო წლები ცენტრალური მნიშვნელობის იქნება. მხოლოდ ამ ჯგუფების გაერთიანებით და საჯარო პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯებით შეიძლება მომდევნო ეპოქის პოლიტიკური კრიზისი შესაძლებლობების ფანჯარად იქცეს. სხვანაირად ყველა ერთად აღმოვჩნდებით მომდევნო კირუხის დეკადაში.