საქართველოში მინიმალური ხელფასი 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებითაა განსაზღვრული და თვეში სულ რაღაც 20 ლარია.
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ადგენს სახელფასო მინიმუმს კულტურულ/შემოქმედებით სფეროში დასაქმებულთათვის, რომლის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საჯარო სექტორის საშუალო შემოსავალზე მაღალი, ანუ 1000 ლარზე მეტი.
მიუხედავად იმისა, რომ „კულტურის შესახებ“ კანონი ჯერ კიდევ 1997 წელს არის მიღებული, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ჩანაწერი არსებობს მხოლოდ კანონში და მისი აღსრულებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტი დღემდე არაა გამოცემული, იგულისხმება კულტურის მინისტრის ბრძანება, რომელიც დაადგენდა მინიმალური ხელფასის ოდენობასა და გამოთვლის წესს
ეს ყველაფერი, სახელმწიფოსა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის მრავალწლიან უმოქმედობაზე მიუთითებს, ისინი არ არიან დაინტერესებულნი, ფასადური განცხადებების მიღმა, რეალურად იზრუნონ კულტურის სფეროში დასაქმებულთათვის ღირსეული შრომის პირობების შექმნაზე
ჩვენი კვლევის მიხედვით, კულტურის სფეროში საშუალო ანაზღაურება შეადგენს 570 ლარს, რაც ბევრად ჩამორჩება ქვეყანაში არსებულ ზოგად საშუალო ანაზღაურებასა და ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში არსებულ დონეს. ხშირ შემთხვევაში კულტურის სფეროში დასაქმებულები ღებულობენ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასსაც კი, მათი მინიმალური თვიური ანაზღაურება მერყეობს 150 ლარიდან 300 ლარამდე.
შესაბამისად, აუცილებელია, რომ მინიმალური ანაზღაურება კულტურის სფეროში დადგინდეს საათობრივად და მან პირველ ეტაპზე შეადგინოს საათში 5 ლარი. ამგვარად, სრულ განაკვეთზე მომუშავე ხელოვანი ყოველთვიურად მინიმალური ხელფასის სახით მიიღებს 1000 ლარს.