სოლიდარობა მშრომელებს!

 

2018 წელს აგარის ქარხნის 50-მა დასაქმებულმა აგარიდან თბილისამდე მსვლელობა გამართა, მშრომელები ქარხნის ამუშავებას ითხოვდნენ, რომლის მფლობელსაც შაქრის წარმოების ნაცვლად ბიტკოინის მაინინგის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი[i]. მსვლელობის მიზანი საზოგადოების ყურადღების აგარის პრობლემაზე გადატანა იყო, მაშინ აგარელთა მსვლელობას თბილისში მემარცხენეების მცირე აქცია დახვდა. დედაქალაქის მობილიზაცია ვერ მოხერხდა. აგარელთა შემდეგ თბილისი პასიურად შეხვდა ჭიათურელი მაღაროელებისა და შუქრუთელების ჩამოსვლასაც. დედაქალაქის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ენთუზიაზმით არც რიონის ხეობის მოძრაობას შეხვედრია. თბილისელების უმრავლესობას (ლიბერალური და კონსერვატიული დაყოფის ორივე მხარეს) ზედაპირული წარმოდგენა აქვს ინდუსტრიულ ქალაქებში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჩემი დიდი თბილისური სამეგობროს უდიდეს ნაწილს არც ამ ქალაქების ეკონომიკური როლი აქვს გააზრებული და არც იქ შექმნილ მდგომარეობაზე უფიქრია. ინდუსტრიულ ქალაქებში დასაქმებული მცირერიცხოვანი მუშათა კლასი ქვეყნის ყველაზე უგულებელყოფილ ფენად რჩება – მთავრობისგან მრავალჯერ მოტყუებული და გამოყენებული – საყოველთაოდ ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული ყულაბა, სწორედ განადგურებული ინდუსტრიული ქალაქებისა და დაბების საწარმოებიდან ივსება, რომლებშიც მმართველ პარტიასთან დაახლოებული კრიმინალები ბატონობენ. ინდუსტრიული ცენტრების გაპარტახებაში უდიდესი წვლილი წინა მთავრობას  მიუძღვის, გასაკვირი არ არის, რომ მშრომელებს ოპოზიციის არ სჯერათ.

2018 წელს აგარაში მეგობრებთან ერთად ჩავედი, გვინდოდა აგარელებისთვის ჩვენი სოლიდარობა გვეჩვენებინა და პროტესტის მონაწილეებს საზოგადოებასთან დაკავშირებაში დავხმარებოდით. ონლაინ მედია „მაუწყებლის“ გვერდზე განთავსებულ აგარელთა მიმართვებს ახლაც ყურადღებით ვუსმინე, აგარაში ჩემი ბოლო ჩასვლის შემდეგ, რომელიც გუშინდელი დღესავით მახსოვს ექვს წელზე მეტი გასულა[ii]. მას შემდეგ მთავრობა ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის სხვადასხვა მიღწევებზე გვესაუბრება, ამ ზრდამ ურემივით ჩაუარა ინდუსტრიულ ქალაქებს. 6 წლის შემდეგ თითქოს იგივე სურათს ვხედავ რაც 2018-ში დამხვდა, იგივე პრობლემები, ისევ უსამართლობის საშინელი განცდა და მშრომელების თავდაჭერილი და კულტურული საუბარი. იგივეს თქმა შეიძლება ტყიბულზეც, ამდენი წლის გასვლის შემდეგ მეშახტეები ისევ ეკიპირებისა და კვების პრობლემებზე საუბრობენ. წინასაარჩევნოდ პრემიერმა „ტყიბულ ქალაქობა“ აღნიშნა და შეკრებილ საზოგადოებას საზეიმოდ გამოუცხადა, რომ მეშახტეთა პრობლემები მოგვარებულია[iii].

მთავრობამ, რომელიც ინდუსტრიული ქალაქების ძარცვის მთავარი შემოქმედია მხოლოდ 40%-ის აღება მოახერხა რუსთავში, თუმცა დამაჯერებლად გაიმარჯვა კაზრეთში, ჭიათურასა და ტყიბულში. ამ გამარჯვებას ძირითადად მოსყიდვითა და დაშინებით ხსნიან. ცხადია რეგიონებში მოსყიდვაც ხდება და დაშინებაც, თუმცა შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ ოპოზიცია არაფერს თავაზობს იქაურებს, მშრომელები არც ნაცების დაბრუნების პერსპექტივით იხიბლებიან და არც დანარჩენი პარტიების ბრტყელი ფრაზებით. ინდუსტრიული ქალაქები საარჩევნო ყუთთან  არჩევანს ორი ტიპის ეკონომიკურ ძარცვას შორის აკეთებენ, ერთს ხელში კონსერვატიული დროშა უჭირავს, ხოლო მეორეს ლიბერალური.

ბოლო თვის განმავლობაში თბილისის ქუჩები უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ყველაფერთან ერთად მომიტინგეები გაფიცვისკენ მოწოდებებს აკეთებენ. ტაქტიკურად სწორი მოთხოვნა რეალობას კედელივით ეჯახება, ამ რეალობას თვალის გასწორება სჭირდება. პირველ რიგში მუშათა კლასი იმდენად სუსტია, რომ გაფიცვა მაშინაც კი უჭირს, როდესაც მხოლოდ ეკონომიკურ მოთხოვნებს აყენებს, ასეთ მოთხოვნებზე შეთანხმება ბევრად მარტივია, რადგან უსახსრობა ნებისმიერ დასაქმებულს აწუხებს, იმის მიუხედავად თუ რომელი პარტიის მომხრეა. ეკონომიკური მოთხოვნებით დაწყებული გაფიცვისას ცალკეული ადამიანების პოლიტიკური მიკუთვნებულობა უკანა პლანზე იწევს. პოლიტიკური გაფიცვა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მშრომელთა უმრავლესობა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს ეთანხმება. დღეს ეს თანხმობა არ არსებობს, მისი არსებობის შემთხვევაში კი დღის წესრიგში ისეთი პრობლემები შემოდის, როგორც გავალიანება, დაუცველობა და სამსახურის დაკარგვის შიშია. არ უნდა დაგვავიწყდეს ცენტრალური პროფკავშირის ტოტალურად გაყიდული შეფიც, რომელიც არჩევნების წინა დღეს მშრომელებს ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა[iv]. მშრომელთა კავშირები უსუსტეს მდგომარეობაშია-ყვითელი პროფკავშირები, მოკრიმინალო ბიზნესმენები და სპეცსამსახურები ერთად ებრძვიან ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ან პროფკავშირის შექმნას. ხელფასის მინიმალური მატება შიმშილობასა და სხვა რადიკალურ ზომებზე წასვლას მოითხოვს, აგარელები მხოლოდ და მხოლოდ კუთვნილ მეცამეტე ხელფასს ითხოვენ, ტყიბულელებს არ უნდათ რომ სამსახურს პოლიტიკური ნიშნით კარგავდნენ. პოლიტიკური დღის წესრიგისაგან დამოუკიდებლად დაწყებული, მინიმალური მოთხოვნების მქონე  გაფიცვებიც კი ძირითადად მარცხებითა და იმედგაცრუებებით სრულდება.

რისი გაკეთება შეუძლია თბილისის ახალგაზრდობას ინდუსტრიული მუშათა კლასისათვის? აშკარაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიტინგების მონაწილეებისგან არც ნდობა აქვთ და არც ლეგიტიმაცია, პარტიები უკანა პლანზე რჩებიან, რადგან ესმით, რომ წინა პლანზე გადასვლის შემთხვევაში შესაძლოა პროცესი და საკუთარი თავიც დააზიანონ. ბევრს მიაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური კლასი ახალი სახეებით უნდა ჩანაცვლდეს, ეს არასაკმარისი პირობაა – ახალ თაობას ახალი იდეები სჭირდება, რომლებითაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების გაერთიანება იქნება შესაძლებელი. არსებულ პარტიებს შორის არჩევის ნაცვლად ახალგაზრდობამ პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერები უნდა შვას, რომლებიც საკუთარ თავში ისეთ დემოკრატიულ იდეალებს გააერთიანებენ, როგორებიც თავისუფლება და სოციალური თანასწორობაა, შეეწინააღმდეგებიან ავტორიტარულ ტენდენციებს და დაუკავშირდებიან ქვეყნის რეგიონებში აგორებულ სახალხო მოძრაობებს.  სანამ ასეთი იდეოლოგია და ლიდერები არ გვყავს მშრომელებს უპირობო და უანგარო სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და ყველანაირად დავეხმაროთ იმ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რომლებსაც აყენებენ. რეგიონებში დაწყებულ პროტესტებს ბევრად დიდი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს დედაქალაქიდან.

სტატიის ავტორი – გიორგი ღვინჯილია

[i] https://www.youtube.com/watch?v=DhbNhYbTP0Y

[ii] https://www.youtube.com/watch?v=ehMZtWwPbLM

[iii] https://www.youtube.com/watch?v=R6GSvRwjJnk

[iv] https://www.mautskebeli.ge/free-column/2755