საბჭოთა კავშირის დაშლის, სახელმწიფო გადატრიალებების და სამოქალაქო ომის გადატანის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის პროგრესირებადი უთანასწორობის ქრესტომათიულ მაგალითად იქცა. ბიბლიური წყევლასავით თავს დატეხილი განგსტერული კაპიტალიზმის საუკეთესო ტრადიციებით ჯერ საშუალო კლასი დაიჩეხა, შემდეგ საბინაო კრიზისი შეიქმნა, პრობლემები ერთმანეთს მიჰყვა და საბოლოოდ, ამ 30 წლიან პერიოდში მმართველი ძალების უტეხმა სურვილმა, ქვეყანა განვითარების ნეოლიბერალური პარადიგმით ემართათ, გამოიწვიო ეკონომიკური უთანოსწორობა, სიღარიბის ზრდა, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრაციის ტალღები და შესაბამისად, ცირკულირებადი პოლიტიკური და სოციალური კრიზისები.
იმისათვის, რომ ზემოთ აღწერილი მდგომარეობა ციფრებში დავინახოთ, ერთი მარტივი სტატისტიკური მონაცემის, როგორც საილუსტრაციო მაგალითის ჩვენებაც კი საკმარისია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროფესორ გია ჭანტურიას მცირე კომენტარს წავაწყდი, სახელდახელოდ შეკრებილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ. ამ კომენტარის თანახმად, „საქართველოში დასაქმებულთა ყველაზე მაღალშემოსავლიან ნაწილს, დასაქმებულთა 10%-ს, ჯამურად უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ხელფასის მიმღებთა 80%-ს, ქვედა 80%-ს. მშრომელთა უმდიდრესი 10% ჯამში უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს ვიდრე მშომელთა 80%. საქართველოში დასაქმებულთა უმდიდრესი 1% (ტოპ-მენეჯერები, მსხვილ კორპორაციათა ხელმძღვანელები და ა.შ.) ჯამურად უფრო მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ხელფასის მიმღებთა ყველაზე დაბალშემოსავლიანი 50%.“
არჩევნების შედეგების ისტერიაში, იმ გარდამავალი წამებისას, სანამ დარღვევების, ხმის მიცემის ფარულობის მოშლის, კარუსელებისა და პასპორტების ამბები გასკდებოდა, იყო მომენტი, რომელიც ჩვენი საზოგადოების საძირკველში ჩათესილი ძალაუფლებრივი იდეოლოგიის გამომჟღავნებად ჩანდა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა, პოლიტიკოსებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საბას პრემიის ლაურეატებმა როგორც ყოველთვის, ყველაფერი ღარიბებს დააბრალეს. „20 ლარზე გაყიდულები“, „ქვეყანა კარტოფილზე გაცვალეს“, „სოციალურზე ქულების მომატების შეეშინდათ“ – ექოსავით ისმოდა დენთის სუნით გაჟღენთილ ქალაქში, ერთმანეთში გადალაპარაკებისას გამოჟონილი გულწრფელი მზერა ქართულ საზოგადოებაზე.
„ბიჭებს პირობითს მოუხსნიან“, „ჩვენების გამოყვანას დაგვპირდნენ“, ქუჩა წრიალებდა არჩევნების დღეს.
საბოლოო ჯამში, არჩევნები მორჩა, ღარიბები უფრო გაღარიბდნენ, ქუჩა მორიგ ჯერზე გადააგდეს, დახარჯული ფულის ამოღება ახალი ჰესებით და ამ ჰესებში ჩაყრილი კრიპტოებით დაგვიანონსეს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ ასცდა ხალხს და მთავრობა მორიგ რეპრესიულ ტალღას გვიანონსებს.
პირველად ასეთი ბრალდებების ექოები მაშინ გავიგე, როცა სკოლაში ვსწავლობდი, თბილისს 7 ნოემბრის ძალადობის შედეგად მიყენებული იარები ჯერ კიდევ არ შეხორცებოდა, მიშა ხელახალ საპრეზიდენტო მოღვაწეობას იწყებდა, „დაიცავი საქართველოს“ აქტივისტები და ოპოზიციურად განწყობილი ხალხი კი დამნაშავეს ისევ საკუთარ მეზობლებში, ქვეყნის ყველაზე გაღარიბებულ ფენებში ეძებდნენ.
საინტერესოა, საიდან ჩნდება ასეთი აზრები? ვინ არის რეალური ბრალმდებელი, ვინ მოგვიხაზა ღარიბთა კლასი კოლექტიურ დამნაშავედ ნაცების და ქოცების, ლიბერალების და კონსერვატორების დაპირისპირებაში? ვინ გამოაცხადა პირველად ეს ფენა ავტორიტარიზმის, დიქტატურის, რუსეთის მოკავშირედ?! რადგანაც ბრალდების ეს ფორმა სათავეს ჯერ კიდევ ფორმის პიკში მყოფი მიშიზმის, ანუ „საუკეთესო სისხლისღვრის“ პერიოდიდან იწყებს უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრალდება ღარიბთა მიმართ – სტრუქტურული ჩაგვრის ერთ-ერთი მექანიზმია.
საქმე იმაშია, რომ არსებობს რაღაცები, რაც პოლიტიკური პარტიების ცვალებადობასთან ერთად არ იცვლება. რაღაცები, რასაც „ქოცებიც“ ზუსტად ისეთ უალტერნატივო რეალობად გვასაღებენ, როგორც „ნაცები“. ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორების გააზრებით არის შესაძლებელი რეალური ძალაუფლებრივი ცენტრების სააშკარაოზე გამოტანა და იმ წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომელსაც მთელ ქართულ საზოგადოებას ისე გვასაღებენ, როგორც ბუნებრივ მოცემულობას. მაგალითად, ასეთი მუდმივაა კახა ბენდუქიძის ეკონომიკური პარადიგმა – ხელმოწერილი მოდელი, როგორც ცნობილი ფეხბურთელის ავტოგრაფიანი მაისური, რომელიც ამაყად დევს ეკონომიკის მინისტრების კაბინეტში. იცვლებიან მთავრობები, მინისტრები, იწყება და მთავრდება ომები, ბოლოს და ბოლოს, ქართული ფეხბურთი მკვდრეთით აღდგა, მაგრამ კახა მაინც არსად მიდის.
”ჩემი გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს, არ უნდა ჩემოთვალოთ სიგიჟეში, რომ მე მინდა ყველაფერი გავყიდო ყველაფრის შეუსწავლელად. მე მინდა, რომ მაქსიმალურად ყველაფერი შევისწავლოთ და სახელმწიფოსთვის კომფორტულ პირობებში გავყიდოთ” ამბობდა კახა ბენდუქიძე 2004 წლის 15 ივლისს, როცა ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. 2005 წელს გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, 2006 წელს შრომის ინსპექცია, 2010 წელს კონსტიტუციით შეიზღუდა საგადასახადო პოლიტიკის წარმოება(ე.წ. “Liberty act”). ხელმძღვანელობაში ორივე მთავრობის დროს უცვლელი იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ნათია თურნავა ჯერ ბენდუქიძის მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ სხვა ეკონომიკის მინისტრების, შემდეგ ოცნების მთავრობაში დარჩა და იქაც ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, 2018-19 წლებში უკვე ფორმის პიკს მიაღწია და ეკონომიკის მინისტრდ დაინიშნა, ახლა კი როგორც დამსახურებული ვეტერანი, სანამ აუქციონის ჩაქუჩს კედელზე დაკიდებს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად მუშაობს. მარჯანიშვილზე გადაღებილი ფასადებივით ტრაფარეტული ეკონომიკური ზრდის მიღმა, უცვლელია სტაგნაცია უფსკრულის გაღრმავების კუთხით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის. იზრდება სიღარიბის, უმუშევრობისა და ემიგრაციის მაჩვენებელი, მცირდება მხოლოდ შობადობა, პოტენციალი და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ახალგაზრდებისთვის.
აქვე, პროფესორ გია ჭანტურიას კიდევ ერთ დაკვირვებას მოვიხმობ: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემების მიხედვით, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, 2023 წელს, საქართველო, ტუნისთან ერთად, უმუშევრობის დონით მსოფლიოში მე-5 ადგილზე იყო. უმუშევრობის უფრო მაღალი დონე იყო მხოლოდ სუდანში, სამხრეთ აფრიკაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზაში, და უკრაინაში.”
გაეროს ერთ-ერთი კომისიის, UNECE-ის რეიტინგში, რომელშიც აშშ, ევროპის ქვეყნები და პოსტ-საბჭოთა ქვეყნები შედიან, 2005-2023 წლებში, საქართველო უცვლელად „პირველ ადგილზეა“ უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (უკრაინის მონაცემები ამ რეიტინგში მხოლოდ 2023 წელს არ შეიყვანეს, სავარაუდოდ, ომის გამო).
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უმუშევართა დონის მაჩვენებელი და უმუშევართა რაოდენობა, საქართველოში დასაქმების გარეშე მყოფი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს აღწერს.
სტრუქტურული გაღარიბების პროცესის მთავარი დამნაშავე გაბატონებული იდეოლოგიის მიხედვით, თავად გაღარიბებული მოსახლეობაა, რომელიც ბენდუქიძისა და კობახიძის, მიშასა და ბიძინას უხილავი ხელით გაყოფილი საქართველოს უნაყოფო, უმუშევარ და გასაცოდავებულ მხარეს აღმოჩნდა. ფრანგი სოციოლოგი, ლუი ვაკანი თავის ნაშრომში ”Punishing the poor” უმნიშვნელოვანეს ყურადღებას აქცევს იმ პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც ძალაუფლებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ ღარიბების “პოლიტიკურ დასჯას” თანამედროვე, ნეოლიბერალურ გარემოში. მისი მოსაზრება ისაა, რომ ნეოლიბერალური რეფორმები, რომლებიც მხარს უჭერს თავისუფალ ბაზარს, სოციალური დაცულობის პროგრამების შემცირებას, პენსიების შემცირებას და შრომის ბაზრის ლიბერალიზაციას, საბოლოოდ ქმნის სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კრიზისს, რომელშიც ყველაზე ნაკლებად დაცული ჯგუფები, ანუ ღარიბები, ხდებიან მუდმივი სოციალური ჩაგვრისა და დასჯის მსხვერპლნი.
ვაკანი საუბრობს დასჯის სხვადასხვა ფორმებზე და არა მხოლოდ მის პრიმიტიულ გაგებაზე, ანუ დასჯაზე სამართლებრივი გზით (ციხით ან ჩამნაცვლებელი სასჯელით). მისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური დასჯის პრაქტიკების ისეთი სახეები, როგორიცაა მაგალითად სოციალური დაცვის სისტემებიდან ამორიცხვის საკითხი, სოციალური შემწეობის მიღების გართულება და ა.შ. უფრო რომ გავამარტივოთ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ღარიბთა ფენა ძალაუფლების ცენტრის ტყვეობაში ცხოვრობს. ისინი სოციალური სამსახურებისა და სააგენტოების, ძალოვანი უწყებების და აგრეთვე პოლიტიკოსების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მძევლები არიან და ვერც სხვა პოლიტიკური ძალები ახერხებენ ისეთი ალტერნატიული პროექტის მათთვის შეთავაზებას, რომ ამ მძევლობიდან განთავისუფლებისთვის ბრძოლად ღირდეს.
ცნობილმა ბრაზილიელმა ეკონომისტმა და მოაზროვნემ, ედმარ ელ ბაშამ ბრაზილიის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას ქვეყანას მეტსახელი „Belindia” დაარქვა. ეს ტერმინი აღწერს ბრაზილიის კლასობრივ დანაწილებას, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მდიდარი ფენა ბრაზილიაში ცხოვრობს, როგორც ბელგიის მაღალი კლასის საზოგადოება: ფლობენ დიდ ვილებს, აქვთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გააჩნიათ ექსკლუზიურ სერვისებზე წვდომა და ა.შ. ხოლო დანარჩენი საზოგადოება იბრძვის გადარჩენისთვის, როგორც ინდოეთის ღარიბი მოსახლეობა.
საზოგადოება, რომლის კრიტიკულად დიდი ნაწილიც იმდენად ღარიბია, რომ დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე, მსხვილი კაპიტალის და მას დაქვემდებარებული მთავრობის მუდმივი მძევალია. უნდა შეგვეძლოს იმის გააზრება, რომ ტყვეობიდან გამოსავალი ვერ იქნება არჩევანის გაკეთება „ნაცებს“ და „ქოცებს“ შორის. გამოსავალს ვერ მივაგნებთ ვერც იმ შემთხვევაში, თუ ტყვედ აყვანილები საბრალდებოდ თითს ერთმანეთისკენ გავიშვერთ იმის გამო, რომ მხარი სხვადასხვა მძარცველს დავუჭირეთ. შესაბამისად, თუკი მუდმივად ცირკულირებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისებიდან გამოსვლა გვინდა, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა და რეალური, რადიკალური ალტერნატიული პროექტის შემოთავაზება. თუკი კაპიტალის ძალაუფლებას საქართველოში რეალური ალტერნატიული პროექტი არ დაუდგება საპირწონედ, თუკი ქვეყნის პრემიერების და ეკონომიკის მინისტრების კაბინეტებიდან კახა ბენდუქიძის იდეოლოგიას, სამართლიანობისა და თანასწორობის აღსრულების სამსახურს არ გამოვასახლებინებთ, მაშინ განწირულები ვართ იმისთვის, რომ სამუდამოდ ბელინდიის ცხოვრებით მოგვიწიოს ცხოვრება, სადაც ოლიგარქები, მინისტრები, ბიზნესმენები და მსხვილი კაპიტალის მქონე საზოგადოება იცხოვრებს კარგი ცხოვრებით, დანარჩენებს კი არსებობისთვის ბრძოლა მოგვიწევს.
სტატიის ავტორი გიორგი ჯოხაძე