„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიების იარაღს ამზადებს
„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ სურვილს, გაამკაცროს კონტროლი სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ მედიასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე. კანონის პროექტის ფორმულირება, მისი გავრცელების ბუნდოვანი და ფართო არეალი, განსაკუთრებით, მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის, პატიმრობის შესაძლებლობა, მიუთითებს არა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებაზე, არამედ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ მიმართულ ტენდენციაზე.
კანონის პროექტიდან ნათლად ჩანს „ქართული ოცნების“ რეპრესიული მიზნები, რადგან იგი ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და კრიტიკული ხმა, აგრეთვე, დააშინოს ოპოზიციურად განწყობილი აქტორები. კანონის გამოყენება შეიძლება, გახდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ინსტრუმენტი, განსაკუთრებით, ისეთი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სოციალური სამართლიანობისთვის, მათ შორის, იარაღი პროფესიული კავშირების წინააღმდეგ.
კანონის პროექტი ცალსახად არღვევს პროპორციულობის პრინციპს, რადგან პროექტში გათვალისწინებული სანქციების (პატიმრობისა 5 წლამდე ვადით და ჯარიმა 10 000 ლარამდე) აშკარა არაპროპორციულობა, ასევე, იმის შესაძლებლობა, რომ ეს სანქციები ერთდროულად იყოს გამოყენებული, წარმოადგენს უზარმაზარ რეპრესიულ მექანიზმს, განსაკუთრებით, სუსტი ან არარსებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო სისტემის პირობებში. საკანონმდებლო ბაზის ასეთ რეპრესიულ მექანიზმად გადაქცევა წარმოადენს ღია გზავნილს სამოქალაქო საზოგადოების, ცალკეული აქტივისტების, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ ხელისუფლება მზად არის, რეპრესიული მეთოდებით იმოქმედოს. ხელისუფლება ამით ცდილობს, შექმნას შიშისა და თვითცენზურის გარემო, რათა შეასუსტოს ოპოზიციური ძალები და სამოქალაქო საზოგადოების გავლენა.
კანონპროექტის ზოგიერთი ასპექტი
ვინ არის „უცხოური პრინციპალის აგენტი“
ახალი კანონის პროექტი ამკვირდებს ახალ ტერმინს უცხური პრინციპალის აგენტი, რაც მოიცავს პირთა საკმაოდ ფართო და, ამასთანავე, ბუნდოვან წრეს. პროექტის პირველი მოსმენით მიღებული ტექსტის თანახმად, იგი გულისხმობს „ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად“; ასევე, პირს, რომლის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ, არის მის მიერ მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად და რომელიც პირდაპირ ან სხვა პირის მეშვეობით:
- მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ აქტივობებში უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე;
- უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოში, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
- უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს საქართველოში;
- საქართველოში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე.
უცხოური პრინციპალის აგენტი, ასევე, გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც ეთანხმება, ვარაუდობს ან ამტკიცებს, რომ იმოქმედებს ან იქნება, ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე უცხოური პრინციპალის აგენტი.“
კანონი განსაზღვრავს „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ბუნდოვან, ორაზროვან და ძალიან ფართო დეფიცინიას, რომელიც პრაქტიკულად ვრცელდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედიასაშუალებებზე, რომლებიც უცხოური დაფინანსების მხარდაჭერით საქმიანობენ. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით “უცხოური პრინციპალის აგენტის” სტატუსის მატარებელი შესაძლოა, გახდეს ნებისმიერი პირი (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ნებისმიერი სხვა გაერთიანება), რომელიც:
- მოქმედებს უცხოური პრინციპალის გავლენით ანუ იღებს დავალებებს, ფინანსურ მხარდაჭერას ან ექვემდებარება ზედამხედველობას, კონტროლს ან მართვას უცხოური სუბიექტისგან. ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე ან ნებისმიერი პირი.
- ასრულებს კონკრეტულ საქმიანობას, რაც შეიძლება, მიჩნეული იყოს როგორც საქართველოში უცხოური პრინციპალის ინტერესებში მოქმედება, მაგალითად, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის, სარეკლამო საქმიანობა ან ინფორმაციის გავრცელება; ფინანსური რესურსების მოპოვება ან გადაცემა; უცხოური პრინციპალის ინტერესების ლობირება საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში;
- თავად აცხადებს, რომ არის ან აპირებს, რომ იყოს უცხოური პრინციპალის აგენტი, ხელშეკრულების საფუძველზე თუ მის გარეშე.
კანონის პროექტის მიხედვით, მისი მოქმედების არეალი საკმაოდ ფართო და ბუნდოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მისი დარღვევა იწვევს სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (პატიმრობა), ეს აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ იგი შესაძლოა, გამოყენებული იყოს მიზანმიმართულად, ოპოზიციური პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, დამოუკიდებელი პროფკავშირებისა და მედიის წინაამღდეგ.
კანონი უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს, მაგალითად, ადვოკატების, დიპლომატიური და საკონსულო მოხელეების, უცხო ქვეყნის მთავრობის თანამდებობების პირებისა და სხვა პირების მიმართ, ასევე, ისეთ მედია საშუალებებზე, რომლებსაც ჰყავთ სულ მცირე 80%-ით ქართველი მფლობელები და არ ფინანსდებიან, კონტროლდებიან ან მართულები არ არიან უცხოური პრინციპალის მიერ.
„უცხოური პრინციპალის აგენტის“ ეს განსაზღვრება ძალიან ფართო და ბუნდოვანია. ის შეიძლება, გამოყენებულ იყოს შემზღუდავ და რეპრესიულ ინსტრუმენტად, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების, მედიისა და პოლიტიკური აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან ან პარტნიორებთან. ასეთი ბუნდოვანი და ფართო დეფინიცია პირდაპირ ემუქრება მედიას, კვლევით ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებს, რომლებიც შესაძლოა, ჩართულები იყვნენ პოლიტიკის ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. შეზღუდვა და დარეგისტრირების მოთხოვნა არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.
სავალდებულო რეგისტრაცია და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა
კანონის პროექტი ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების სავალდებულო რეგისტრაციას ანტიკორუფციულ ბიუროში. რეგისტრაციის პროცესი გულისხმობს ბიუროში ავთენტური და სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენას ფიცის ქვეშ, რომლის ვალდებულებაც წარმოიშობა „აგენტად გახდომიდან“ 10 დღის განმავლობაში (მუხლი 2). რეგისტრაციის მიზნით განცხადების წარდგენისას აგენტი წარადგენს დეტალურ ინფორმაციას, მაგალითად:
- განმცხადებლის სახელი, პრინციპალის ბიზნეს მისამართი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ბიზნეს მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვაგან და, ასევე, ყველა საცხოვრებელი მისამართი, არსებობის შემთხვევაში;
- განმცხადებლის და მესამე პირების პერსონალური მონაცემები (სახელი, ეროვნება, საპარტნიორო გაერთიანების შემთხვევაში, სახელი, საცხოვრებელი მისამართი, თითოეული პარტნიორის ეროვნება და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილი და სრული ასლები; ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციისა ან სხვა ნებისმიერი სახის პირთა გაერთიანების შემთხვევაში სახელი, საცხოვრებელი მისამართი, მმართველი მენეჯერებისა და დირექტორების, ან მათი ფუნქცია-მოვალეობების განმახორციელებელ პირთა ეროვნება, სრული წესდების ასლი, შერწყმის, ასოციაციის, კონსტიტუციის, კანონქვემდებარე აქტებისა და დამატებების მუხლები და სხვ.);
- განმცხადებლის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, მაგალითად, თანამშრომლების სრული სია და მათი სამუშაოს სპეციფიკა;
- ინფორმაცია წერილობითი თუ ზეპირი შეთანხმებების შესახებ, ასევე, ისეთი აქტივობების დეტალური აღწერა, რომლებიც განხორციელდა ან განხორციელდება მომავალში და, რომლებიც შეიძლება, დახასიათდეს, როგორც პოლიტიკური საქმიანობა;
- დეტალური ინფორმაცია შემოსავლების, შემოწირულებების, ფულის ან ღირებული ნივთების წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ;
- დეტალური ინფორმაცია განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის თაობაზე;
- ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ (გარდა უცხოური პრინციპალისა), რომლის ინტერესების შესაბამისადაც მოქმედებს განმცხადებელი, მათ შორის, ინფორმაცია ამ პირების ეროვნების შესახებ (იგულისხმება ორგანიზაციის შემთხვევაში მათი ბენეფიციარები);
- კანონის პროექტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების, განკარგული ფინანსების თაობაზე. ასევე, კანონის პროექტი ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებას, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პერიოდულად მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევაში.
კანონის ასეთი ფორმით მოქმედება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, მათ შორის, პროფესიულ კავშირებს, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო სექტორს საქართველოში. მისი ბუნდოვანი განსაზღვრებები არაგონივრულად აფართოებს “უცხოური პრინციპალის აგენტის” ცნებას, რაც ხელისუფლებას დისკრეციას აძლევს, ჩარიოს კრიტიკული აქტორები რეგისტრაციის პროცესში და დაასუსტოს მათი რეპუტაცია. სავალდებულო რეგისტრაცია და ფიცის ქვეშ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა ქმნის კონტროლის მექანიზმს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს პოლიტიკური ოპონენტების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია პერსონალური მონაცემების, ფინანსური დოკუმენტაციისა და თანამშრომლების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რაც არღვევს კონფიდენციალურობას და ქმნის ინდივიდუალური დევნისა და ანგარიშსწორების საფრთხეებს. ასეთ რეგულაციებს შესაძლოა, ჰქონდეთ მსუსხავი ეფექტი და პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს პროფესიული კავშირების საქმიანობა, მათი წევრების ტოტალური კონტროლისა და შემდგომი ანგარიშსწორების საფრთხეების გამო.
პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება და კატეგორიზაცია
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს პოლიტიკური პროპაგანდის დეფინიციას, თუმცა ადგენს არაპროპორციულ და შემზღუდავ წესებს ინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის, რომლებიც, ამ კანონის პროექტიდან გამომდინარე, უცხოური პრინციპალის აგენტებად არიან მიჩნეულები და ავრცელებენ რაიმე ფორმით ინფორმაციას. კანონის პროექტის მე-4 მუხლიდან გამომდინარე:
- საქართველოში ყველა პირი, რომელიც მიიჩნევა “უცხოური პრინციპალის აგენტად” და ვალდებულია, დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, ვალდებულია, ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს ორი ეგზემპლარი ნებისმიერი საინფორმაციო მასალის, რომელსაც იგი ავრცელებს უცხოური პრინციპალის ინტერესების გათვალისწინებით. ეს ვალდებულება ვრცელდება ყველა ტიპის მასალაზე, იქნება ეს ბეჭდური, ელექტრონული თუ სხვა ფორმით, რომელიც იგზავნება ფოსტის, საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო ვაჭრობის ან სხვა საშუალებების გამოყენებით. მასალა უნდა წარედგინოს ბიუროს 48 საათის განმავლობაში მისი გავრცელების შემდეგ, თუ შესაძლებელია ვარაუდი, რომ აღნიშნული ინფორმაცია ორ ან მეტ ადამიანს მიეწოდება;
- საქართველოში მყოფმა პირმა, რომელიც წარმოადგენს უცხოური პრინციპალის აგენტს და ვალდებულია, დარეგისტრირდეს ამ კანონის საფუძველზე, ანტიკორუფციულ ბიუროს წინასწარი შეტყობინების გარეშე არ შეიძლება, გადასცეს უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისი საინფორმაციო მასალა ფოსტის, საგარეო ვაჭრობის ან სხვა საშუალებების გამოყენებით. ასევე, უკანონოა ასეთი მასალის გამოქვეყნება უცხოური პრინციპალის სახელით, თუ მას არ ახლავს თვალსაჩინო განცხადება, რომელიც მიუთითებს, რომ ინფორმაცია ვრცელდება უცხოური პრინციპალის სახელით. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი განსაზღვრავს, რას ნიშნავს ტერმინი “თვალსაჩინო” ამ კანონის მიზნებისთვის.
- ყველა საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც კანონით უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მონიტორინგისთვის. ბიუროს უფროსი განსაზღვრავს საჯაროობის წესებსა და პირობებს.
- უკანონოა საქართველოში მყოფი უცხოური პრინციპალის აგენტისთვის, რომელსაც ეს კანონი ავალდებულებს რეგისტრაციას, სახელმწიფო დაწესებულებისთვის ან თანამდებობის პირისთვის გადასცეს პოლიტიკური პროპაგანდა უცხო ქვეყნის ინტერესებში. ასევე, აკრძალულია ასეთი აგენტის მიერ სახელმწიფო უწყებებისგან რაიმე ინფორმაციის ან რჩევის მოთხოვნა, თუ ეს ეხება პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, საგარეო ან საშინაო პოლიტიკის საკითხებს. ეს ქმედებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კანონიერად მიჩნეული, თუ განცხადებას წინ უსწრებს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირი ოფიციალურად რეგისტრირებულია უცხოური პრინციპალის აგენტად.
ამ რეგულაციებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, მკაცრად გააკონტროლოს უცხოური პრინციპალის აგენტებად აღიარებული პირების საქმიანობა, რაც შეზღუდავს მათი ინფორმაციის გავრცელების, კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თავისუფლებას. სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენა, საჯარო მონიტორინგის მოთხოვნები და „თვალსაჩინო განცხადებების“ ვალდებულება ქმნის ბიუროკრატიულ და სამართლებრივ ბარიერებს, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტროლის ინსტრუმენტი. რეგულაცია საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კონტექსტში, რადგან რეგულაციები ხელს უწყობს დაშინებისა და თვითცენზურის მექანიზმების გაძლიერებას.
დოკუმენტაცია და ჩანაწერები
უცხოური პრინციპალის აგენტები ვალდებულები არიან, შეინახონ ყველა ფინანსური და საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერი აგენტობის პერიოდში. აგენტის სტატუსის შეწყვეტის შემდეგაც სამი წლის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია, მოითხოვოს მათი წარდგენა, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი კონტროლის მიზნით, ხოლო მისი განზრახ დამალვა, განადგურება ან გაყალბება უკანონოდ ითვლება.
კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
კანონის შესაბამისად, თუ რეგისტრაციაზე ვალდებული პირი განზრახ არღვევს კანონით დაწესებულ მოთხოვნებს, მაგალითად, არასწორ ინფორმაციას აწვდის ანტიკორუფციულ ბიუროს, არ წარადგენს აუცილებელ დოკუმენტებს, არ იცავს სარეგისტრაციო ვალდებულებებს ან უცხოური პრინციპალის სახელით მოქმედებს წესების დარღვევით, მას შესაძლოა, დაეკისროს ფულადი ჯარიმა 10 000 ლარამდე ოდენობით ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან ორივე ერთად. მსუბუქი დარღვევების შემთხვევაში პასუხისმგებლობა შედარებით რბილია და 5 000 ლარამდე ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას მოიცავს.
თუ კანონის დამრღვევი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შესაძლოა, მიღებული იყოს გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.
გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირი არღვევს კანონს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს ეს პირი, შეწყვიტოს საქმიანობა, რომელიც კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. კანონის მიხედვით, პირი მიჩნეული იქნება დამრღვევად იმ შემთხვევაშიც, თუ მან არ წარადგინა სარეგისტრაციო განცხადება 10 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ აცნობა, რომ მისი წინა განაცხადი არასწორი იყო.
პასუხისმგებლობის ამგვარი მექანიზმი განსაკუთრებით პრობლემურია ავტორიტარიზმისკენ მიმართული პოლიტიკური პარტიის პირობებში.
კანონის დარღვევა მკაცრად ისჯება: 10 000 ლარამდე ჯარიმა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც აშკარად არაპროპორციულია. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ კანონის შესრულებაზე ზედამხედველობა დაეკისრება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს მხოლოდ “გონივრული ეჭვის” საფუძველზე. ეს სამართლებრივი ვაკუუმი დევნის ორგანოებს აძლევს ბერკეტს, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოება, შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების საქმიანობა, დევნოს ისინი პოლიტიკური ნიშნით.
ასევე, რეგულაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაც, რადგან, კანონის მიხედვით, უცხოელ აგენტად მიჩნეული პირის გაძევება საქართველოდან შეიძლება არაპირდაპირი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცეს.
ამდენად, კანონი აწესებს მკაცრ რეგულაციებს და გადაჭარბებულ ვალდებულებებს უცხოური პრინციპალების აგენტებისთვის, რაც შესაძლებელია, გამოყენებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაზღუდად. რეგისტრაციის, ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის მოთხოვნები განსაკუთრებით შემზღუდველია, რადგან ისინი ავალდებულებს აგენტებს, გაამჟღავნონ დეტალური ინფორმაცია პირად მონაცემებზე, საქმიანობასა და ფინანსურ წყაროებზე, რაც რისკის შემცველია მათი უსაფრთხოებისა და საქმიანობის დამოუკიდებლობისთვის. ამასთან, უცხოური პრინციპალის ინტერესებში მოქმედი პირებისთვის დაწესებული მკაცრი კონტროლი და გაფრთხილების ვალდებულება იწვევს სიტყვიერი და ინფორმაციული თვითცენზურის გაძლიერებას, რაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საჯარო დისკუსიების შესაძლებლობებს. კანონის აღსრულების მექანიზმი კი აძლიერებს „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესს, აფერხებს დემოკრატიულ განვითარებას და მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
შეჯამება
ანტიდემოკრატიული ტენდენციების ფონზე აღნიშნული კანონპროექტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაართულებს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფუნქციონირებას, ვინაიდან მათ შეიძლება, ხელოვნურად შეეზღუდოთ საქმიანობა „უცხოური დაფინანსების“ ან „გავლენის“ საბაბით. შედეგად საზოგადოებაში შეიძლება, გაძლიერდეს თვითცენზურა, კრიტიკული ხმის გამოხატვა გახდეს საფრთხის შემცველი და ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლა შეზღუდული.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ კანონით დევნის ორგანოები მიიღებენ ახალ და პრაქტიკულად უმართავ ბერკეტებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის კონტროლისთვის. იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად უპირისპირდება და დევნის დამოუკიდებელ აქტორებს, დამატებითი რეგულაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს მათი საქმიანობის ტოტალური კონტროლისთვის, რაც დემოკრატიული პრინციპების შეზღუდვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამ პროცესს ხელს შეუწყობს რეგისტრაციის ვალდებულებაც, რომელიც რეალურად სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების დისკრედიტაციის ინსტრუმენტად შეიძლება, იქცეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ პროპაგანდის გაძლიერება და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის შექმნა მხოლოდ გაზრდის ზეწოლას და გამოიწვევს ნდობის დეფიციტს საზოგადოებაში.
კანონი, ასევე, ქმნის შესაძლებლობას, რომ საზედამხედველო ორგანომ საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს, ვინ არის რეგულირების ობიექტი. მისი ბუნდოვანი დეფინიციები, განსაკუთრებით, „პოლიტიკური საქმიანობის“ შესახებ, ადმინისტრაციულ ორგანოებს აძლევს საშუალებას, რომ სუბიექტურად განმარტონ კანონი „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების წინააღმდეგ. პოლიტიკურად მოტივირებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობა სახიფათოა იმ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციური ხმები უკვე მძიმე ზეწოლის ქვეშაა.
გარდა ამისა, ბიუროკრატიული ბარიერები და მკაცრი სანქციები კიდევ უფრო გაართულებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. რეგისტრაციის ვალდებულება, რომელიც დამატებით ფინანსურ და ადმინისტრაციულ ტვირთად იქცევა ორგანიზაციებისთვის, მიზანმიმართულად შეიძლება, გამოყენებული იყოს მათ დასასუსტებლად. მაღალი ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთის რეალური საფრთხე კი ქმნის შიშისა და თვითცენზურის ატმოსფეროს, რაც დემოკრატიის კრიტიკული საფუძვლების რღვევას უწყობს ხელს.
ამრიგად, აღნიშნული კანონი ფორმალურად შეიძლება, წარმოაჩინონ, როგორც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფი მექანიზმი, თუმცა მისი რეალური მიზანი სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი და კრიტიკული ხმების ჩახშობაა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ისედაც უკიდურესად შეზღუდულია დემოკრატიული სივრცე, ასეთი რეგულაცია კიდევ უფრო ამძაფრებს რეპრესიების რისკს. აუცილებელია, რომ საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამ პროცესს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენოს ის პოლიტიკური დევნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების მორიგ იარაღად.