არსებობს მოსაზრება, რომ იმაზე პასუხები, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს და რასაც ყველა ხერხით გავურბივართ, ჩვენს ყველაზე ბნელ კუთხეებში იმალება.
შესაძლოა, „ევოლუშენ გეიმინგის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების ანალიზი იმაზე მეტად მნიშვნელოვანი და ცენტრალური იყოს მთელი ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მალე 80 დღე გავა მას შემდეგ, რაც მექანიზაციის ქუჩაზე მდებარე „ევოლუშენ გეიმინგის“ შენობაში დასაქმებული ახალგაზრდების არმია გარეთ გამოვიდა და ღირსეული შრომის პირობებისთვის ბრძოლა გაფიცვის გზით დაიწყო. 80 დღე სათქმელად მარტივია, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცულებმა უამრავი ბრძოლა გადაიტანეს. მათ შორის, დაქირავებულ კუნთიანებთან მუდმივი ჭიდაობა, დამამცირებელ მოპყრობაზე პასუხის გაცემა, შტრეიკბრეხერების გამოჩენა, საზოგადოებისგან არასაკმარისი მხარდაჭერის მიღება, პირის ამოკერვა, შიმშილობის დაწყება და სახელმწიფოსგან მსხვილ უცხოურ კორპორაციასთან უთანასწორო დაპირისპირებაში მიტოვება – ეს ამ ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრებაა უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში(ვისაც უფრო დეტალურად გაინტერესებთ 80 დღიანი საგაფიცვო ფრონტის ამბები, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ონლაინ მედია „მაუწყებლის“ მიერ მომზადებულ სტატიებსა და სიუჟეტებს).[1]
რატომ არის მნიშვნელოვანი ევოლუშენის გაფიცვა მთელი ქართული საზოგადოებისთვის?
ამ კითხვაზე პასუხი მოითხოვს ცოტა ხნით ხედვის კუთხის მონაცვლებას და საკითხის უფრო ფართო კონტექსტში აღქმას. ერთ თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგიც დიდ წილად ჩვენ მომავალ ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის. სამთავრობო თუ ოპოზიციური პარტიები გაფიცვის დაწყების პარალელურად საარჩევნო კამპანიებში ჩაერთვნენ, რაც გულისხმობს პოლიტიკური პროგრამის შედგენას, საგარეო კურსის განსაზღვრას, მოსახლეობასთან შეხვედრას, საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის სპეციფიური გზების შეთავაზებას და ა.შ.
ზოგადად ბოლო 30 წლის და კონკრეტულად, ამ 3 თვის განმავლობაში სამთავრობო და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან საცირკო დემაგოგიაში შედიან – ევროკავშირში ცალი თუ ორი ფეხით შესვლა სჯობია, რა არის ევროკავშირი – სოდომიტური ქვეყნების ერთობლიობა თუ აღთქმული მიწა, სადაც რძის მდინარეები მოდის, ტრამპი გვირჩევნია თუ კამალა ჰარისი, ნატო თუ ნეიტრალიტეტი, ჩინეთმა უნდა ააშენოს ანაკლია თუ მამუკამ, კინჯალი თუ ჰაიმარსი და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. სინამდვილეში, როგორც კონსერვატიულ ნიღაბს ამოფარებული „ქართული ოცნება“, ასევე ლიბერალური, „ოპოზიციური“ პარტიები ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებით მოვაჭრე კორპორაციები არიან და არა პოლიტიკოსები. „დასავლურ ნეოკოლონიალიზმთან ბრძოლაში ჩაბმული“ მთავრობა კი უცხო ქვეყნის მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების დამცირებაზე და დამონებაზე ჩვეული იგნორითა და ინერტულობით პასუხობს. მათი დუმილი სახელმწიფოს პოზიციაა. პოზიცია რომელიც ამბობს, რომ დავა ორ სუბიექტს შორის მიმდინარეობს და ისინი თავად უნდა მოგვარდნენ. ამ ყველაფერს ამძაფრებს კიდევ ერთი ფაქტი, „ევოლუშენ გეიმინგის“ საქართველოს ფილიალი სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოშის“ დახმარებით და თანადაფინანსებით შეიქმნა. ვიდეორგოლი რომელიც ამ ისტორიულ და პროგრესულ კოლაბორაციაზე არის შექმნილი, მთავრდება ჰეშთეგით, #ქართულიადაკარგია.[2]
მეორე მხრივ, მთელი სპექტრი ოპოზიციური პარტიებისა(ზოგიერთის გამოკლებით), ე.წ. „ბენდუქიძის მესანთლეები“, ზუსტად ასე ფიქრობენ შექმნილ მდგომარეობაზე. მათგან ყველაზე მამაცები და გაბედულები კი ღიად ამბობენ, რომ პროფკავშირები, როგორც ინსტიტუცია კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. ეს სერია ხომ მართლა ყველას ნანახი გვაქვს?! მილიარდობით ბიუჯეტიანი კორპორაცია და გაფიცული თანამშრომლები ჩარევის გარეშე თავად როგორ უნდა მოგვარდნენ? შტრეიკბრეხერებით, კერძო დაცვის კომპანიებისგან დაფინანსებული უხეში კუნთმაგარა სუბიექტებით, დაშინებით, ზეწოლით და ა.შ. სწორედ ასეთია ანტიკოლონიალურ ბრძოლაში ჩაბმული პოლიტიკური ხელმძღვანელობის და მთლიანი პოლიტიკური კლასის პასუხი საკუთარი მოქალაქეების ჩაგვრასა და დამცირებაზე.
შესაბამისად, ღირსება, რომელზეც სამთავრობო მედიები და პარტია ლაპარაკობს განსხვავდება ღირსებისგან, რომელიც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ, მშრომელ მოსახლეობას გააჩნია და თავისუფლება, რომელზეც „გირჩელები“ „ნაციონალები“ და სხვები ლაპარაკობენ, გულისხმობს რეკეტიორი ბიზნესის თავისუფლებას, როგორც უნდა ისე მოექცეს მშრომელებს.
ამ ახალგაზრდების და კომპანიის ურთიერთმიმართების საკითხი კი გვაჩვენებს მთავარს – როგორც ექცევა ფორსბის სიაში მყოფი მილიარდელთა ჯგუფი საკუთარ თანამშრომლებს, ზუსტად ასეთივე ქცევის მორალი და ხედვა აქვს ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას საკუთარი მოსახლეობის მიმართ.
აქედან გამომდინარე, კითხვები – გვინდა თუ არა ევროკავშირში შესვლა, ორი ფეხით ჯობია თუ ცალით, ღირსებით თუ თავისუფლებით, შინაარსებს გამოცლილი კითხვებია. თავად ტერმინი „ევროკავშირი“ კი დიდი ხანია საქართველოში ცომის გუნდად არის გადაქცეული, ვისაც როგორ უნდა, ისეთ ფორმაზე შეუძლია მოზილოს.
საქართველოს და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას კი საკითხი ბევრად უფრო დრამატულად გვიდგას, ვიდრე გვინდა\ არ გვინდაა.
რატომ არის საქართველო შვედეთში დაარსებული ტრანსნაციონალური კომპანიისთვის საუკეთესო ბაზა? იმიტომ რომ, შვედეთში(ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში) ასეთი პირობებით ადამიანების დასაქმება კანონით შეზღუდული და აკრძალულია. იმიტომ, რომ ევროკავშირში შრომითი ურთიერთობა განსაზღვრულია, როგორც არა ხელშეკრულება ორ თანასწორ სუბიექტს შორის, არამედ დაქვემდებარებული ხელშეკრულება ორ სუბიექტს შორის, სადაც ერთი მხარე ფინანსურად, სტრუქტურულად და ინფორმაციულად ძლიერია, მეორე კი – სუსტი. იმიტომ, რომ დასაქმებულს მინიმალური ხელფასის ზღვარი არ იცავს და შეგიძლია მაქსიმალურად გაწურო მისი შრომითი რესურსი მინიმალური დანახარჯის ფონზე.
ევროკავშირში მშრომელთა უფლებები თავისთავად სიკეთედ არ შობილა, ის ბრძოლამ და მსხვერპლმა მოიტანა. XIX-XX საუკუნეების ისტორია ევროპაში, (სხვა დანარჩენთან ერთად) არის სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ისტორია, გაფიცვებითა და აჯანყებებით სავსე.
ინდუსტრიული მშრომელების მასობრივ გაფიცვებს გვერდს სოციალისტური მოძრაობები და სტუდენტური გაერთიანებები უმაგრებდნენ, რამაც საბოლოო ჯამში, შრომა და სოციალური კეთილდღეობა ევროპული პოლიტიკის დღისწესრიგში სისხლითა და ოფლით ჩააცემენტა.
მიუხედავად ყველაფრისა, ნაძალადევში გაფიცვა 80 დღეა გრძელდება და არსად ჩანს ის ათობით ათასი ახალგაზრდა, ვინც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად ეს-ესაა დასანქცირებულ ხარებას რაზმებს, ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და ციხესაც კი არ უშინდებოდა. თითქოს თბილისს ეთაკილება აზარტული თამაშების სექტორში მიმდინარე პროცესში ჩაერთოს. მეორე მხრივ, ახალგაზრდები, ვინც რომელიმე ამერიკელი პრეზიდენტის სახელობის კლუბში, ფრიუნისა და გირჩის ბაზაზე გაჩენილ სამეგობროებში სოციალიზდნენ, ფიქრობენ რომ პროფკავშირულ საქმიანობაში და ზოგადად, უკეთესი შრომითი და სოციალური პირობებისთვის ბრძოლაში, რაღაც რეგრესული და ნაკლებად ფერადია, თითქოს ამ ყველაფერს საბჭოთა კავშირის წარსულიდან დაბერილი ქარების მტკინვეული სუნი დაყვება(როგორც საბას პრემიის მილიონჯერ ლაურეატი მწერალი იტყოდა).
სიმართლე გითხრათ, გაფიცვებზე და მშრომელთა ინტერესების დასაცავად გამართულ პროტესტებზე 2016 წლიდან დავდივარ, მაგრამ აზარტული თამაშების პროვაიდერ კომპანიაში მიმდინარე პროცესებმა საწყის ეტაპზე ჩემში ემპათიის გრძნობა ნაკლებად გამოიწვია. თუმცა, „ევოლუშენ გეიმინგში“ მიმდინარე მოვლენების ანალიზს ზედაპირულ ხედვაზე მეტი სჭირდება. როდესაც დედაქალაქში მცხოვრები 8000 ახალგაზრდა დასაქმებულია ამ კომპანიაში, ეს ნიშნავს, რომ მათ სხვა სამსახურის მოძიების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ აქვთ. მათი უმეტესობა აქ მუშაობით ცხადია ცდილობს სწავლის და ქირის ფული მოაგროვოს იმისათვის, რომ სტუდენტობის წლებში გადარჩეს და შემდეგ საკუთარი პროფესიით დასაქმდეს, თუმცა ეს ფაქტობრივად შეუძლებელია ასეთი ტიპის შრომით ურთიერთობებში.
არსებობს რაღაცები, რაც ამ ქალაქში „ტეხავს“. „ევოლუშენში“ მუშაობა არ ტეხავს მაშინ, როცა არჩევანი თითქმის არც გაქვს. ტეხავს შტრეიკბრეხერობა, ფულის გამო 20 წლის ახალგაზრდების ცემა და დაშინება. ტეხავს როცა შენი მეგობარი, ნათესავი, მეზობელი ან უბრალოდ თანატოლი ადამიანი პირს იკერავს იმ მოთხოვნით, რომ რწყილებმა არ დაჭამონ სამუშაო ადგილზე და ღირსეული შრომითი პირობები ჰქონდეს, შენ კიდე ვიღაც იდიოტები წინა საუკუნეში ჩამორეცხილი მოაზროვნეების ციტატებით გაკომპლექსებენ და გაიძულებენ სოლიდარობა არ გამოხატო.
დილემა კი, რომელიც ევოლუშენ გეიმინგმა შემოგვთავაზა, შემდეგია – დავაიგნორებთ ამ გაფიცვას და ჩავთვლით, რომ ორ თანასწორ სუბიექტს შორის მიმდინარე დავაა და თავადაც მოგვარდებიან(იმ განწყობით, რომ კაზინოს ამბავი ბინძური საქმეა), თუ ვისწავლით საკუთარი(და არა სხვისი) საჭიროებების აღმოჩენას და შემდეგ ამისთვის ბრძოლას იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დღისწესრიგში ჩვენი ეროვნული და კლასობრივი ინტერესები არ ჩაანაცვლებს ეკონომიკური ელიტების კორპორატიულ ინტერესებს.
დასასრულს, იმ ადგილებში, სადაც ახლა გაფიცვა მიმდინარეობს, 1905 წლის დეკემბერში, საყოველთაო გაფიცვის პირველივე დღეებში, ინდუსტრიულმა მუშათა კლასმა(პროლეტარიატმა) უბანზე კონტროლი დააწეესა და „ნაძალადევის დამოუკიდებელი რესპუბლიკა“ შექმნა. მეფის არმიამ 17 დეკემბერს ნაძალადევს ალყა შეამოარტყა და ცხენოსანი კავალერიის და არტილერიის გამოყენებით აჯანყება სისხლში ჩაახშო. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთებს სკოლებსა და აუდიტორიებში ნაკლებად მოისმენთ, ასეთი ამბები გაფიცვაზე, პიკეტიდან დაკავებამდე პერიოდში იყოლება.
[1] https://www.mautskebeli.ge/all-articles/1680
[2] https://www.youtube.com/watch?v=Ctv1yCKpr1w