საქართველოში მსახიობებისთვის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, რის გამოც მათ რამდენიმე ადგილას უწევთ მუშაობა, ისინი დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, რა თქმა უნდა სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებთანაც თანამშრომლობენ. თუმცა, მსახიობები სააგენტოებთან ურთიერთობისას გარკვეული სახის პრობლემებსა და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებებს აწყდებიან.
მოგეხსენებათ, რეკლამა კომერციული ხასიათის პროექტია, სადაც მსახიობისთვის
მონაწილეობის მიღებას მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ინტერესი განაპირობებს და შემოქმედებითი განვითარებისთვის უმნიშვნელოა, მიუხედავად ამისა, სააგენტოები მათ
მიზერულ ანაზღაურებას სთავაზობენ, რაც ძირითადად, არაკომერციული პროექტებისთვის არსებულ ანაზღაურებას უთანაბრდება. სარეკლამო კომპანიები სახლეფასოდ გასაცემ თანხებს ასევე ზოგავენ გადაღების საერთო დღეების რაოდენობის შემცირებითა და დღიური
სამუშაო ნორმის გაზრდით.
სარეკლამო სააგენტოების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ამტკიცებს, უცხოელი დამკვეთის შემთხვევაში, ბიუჯეტის ხელმიუწვდომლობა, რის გამოც ქართული სააგენტოები თავს უფლებას აძლევენ, ბიუჯეტში განსაზღვრულ ჰონორარზე ბევრად ნაკლები თანხა შესთავაზონ მსახიობს, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი თვითონ დაიტოვონ.
მსახიობებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ჰონორარის, რეკლამის ხასიათისა და ფორმის შესახებ. ასევე, არ უთანხმდებიან სარეკლამო კადრის სხვადასხვა ფორმით გამოყენებაზე,
მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსახიობსა და სააგენტოს შორის დადებული შეთანხმება მხოლოდ სარეკლამო რგოლში მონაწილეობით შემოიფარგლება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ სარეკლამო რგოლიდან ამოჭრილი მსახიობის კადრი ბანერზეა გამოტანილი. რეალურად, მსახიობი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა და შესაბამისად, არც თანხმობა გამოუთქვამს – აღსანიშნავია, რომ სარეკლამო რგოლში მონაწილეობა თავისთავად არ ნიშნავს ბანერზე გამოსახულების გამოტანაზე თანხმობას.
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. ამასთან, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს
კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.
ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად, შემსრულებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს:
➾ ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.
➾ ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო უფლებების დარღვევის შედეგად.
➾ კომპენსაცია არანაკლებ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობისა.
ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვან პრობლემას თვეობით დაგვინებული ჰონორარი წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მსახიობები პირადი კომუნიკაციის საშუალებით ცდილობენ, თუმცა ისევ სააგენტოების არაკეთილსინდისიერ ქმედებას აწყდებიან.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის საწყისად, შეიძლება, სარეკლამო სააგენტოებში წერილობითი ხელშეკრულების პრაქტიკის არ არსებობა ჩავთვალოთ, რადგან მსახიობსა და სააგენტოებს შორის შეთანხმება, ძირითადად, ზეპირად იდება, რაც მათ კიდევ უფრო მეტი თვითნებობისკენ უბიძგებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მსახიობმა მოითხოვოს წერილობითი ხელშეკრულების დადება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.
სარეკლამო სააგენტოების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოგვმართეთ უფასო იურიდიული მომსახურებისთვის – ერთად
აუცილებლად შევძლებთ დარღვეული უფლების აღდგენას.