საკადრო წმენდა კულტურის სფეროში

თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სფეროში განხორციელებულმა რეორგანიზაციამ და მასშტაბურმა ცვლილებებმა საკადრო წმენდის სახე მიიღო, რის ფონზეც სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებებიდან 70-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა.

დისკრიმინაცია, ნეპოტიზმი, ტერორი, მიზერული ანაზღაურება, ჯარიმები, ხელფასების დაკავება, პროფესიონალებისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლების უკანონო დათხოვნები და უხელფასოდ დატოვება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც თეა წულუკიანის დამსაქმებლის სტატუსმა კულტურის სფეროს მოუტანა.

რეორგანიზაციად შეფუთული მასშტაბური დათხოვნები მაშინ დაიწყო, როცა ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევას” დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. ივლისშივე შენობის „რენტაბელურობის“ შესახებ დასკვნა გააკრიტიკა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა. ეკა კიკნაძის გათავისუფლების შემდეგ, მუზეუმი პროტესტის ნიშნად რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, ხოლო ნაწილი კი წულუკიანის ბრძანებით გაათავისუფლეს.

რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლები გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდანაც.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოდან გათავისუფლებულებს შორის არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე, ისტორიკოსი გიორგი ჭეიშვილი, რომელიც ამავდროულად ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია და სხვები. თანამშრომლები გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას, საჯარო პოზიციონირებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ შეხედულებებს უკავშირებენ.

მინისტრმა სისტემიდან გაათავისუფლა ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ცოდნა, არიან კომპეტენტურები და ვინც, შესაძლოა, პრინციპულები აღმოჩენილიყვნენ გარკვეული საკითხების დაცვისას, მაგალითად მიმდინარე წლის 14 მარტს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – გაგა ჩხეიძე, კულტურის მინისტრის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა, ამავე ბრძანებით გათავისუფლდა არქეოლოგი იულონ გაგოშიძე.

წულუკიანის მიერ დარგის სრული კონტროლის გამოვლინებაა, მხატვარ სანდრო სულაბერიძის პერფორმანსის გამო მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მხოლოდ სფეროს წარმომადგენლების მასშტაბური პროტესტისა და მოთხოვნის შემდეგ შეწყდა

კულტურის მინისტრის სწორხაზოვანი პოზიციების მსხვერპლი, ასევე, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი, გელათის ტაძარი გახდა, რომელიც სამინისტროს მიერ გულგრილმა მიდგომამ მისი რესტავრაციის მიმართ, საფრთხეში ჩააგდო და დანგრევის პირას მიიყვანა

ცალსახაა, რომ კულტურის სამინისტროს გაცხადებული საკადრო პოლიტიკა არის დარგის სრული კონტროლი, თანამშრომელთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევა, ცენზურის დანერგვა და განსხვავებული აზრის გამო პროფესიონალი კადრების დევნა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ კულტურის სფეროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, გააგრძელეს სამართლებრივი დავები უკანონო გათავისუფლებების გამო. ამ დავებთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება, დაკავებული პოზიციიდან, უკანონოდ მიიჩნია. ამის შემდეგ, წულუკიანმა კიდევ რამდენიმე შრომითი დავა წააგო.

დღეის მონაცემებით, გრძელდება დავები როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *